სწავლების პროცესში ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება თანამედროვე მსოფლიოში მეტ ნაკლებად სიახლეს წარმოადგენს. მართალია, ზოგიერთი ქვეყანა გაცილებით წინ წავიდა ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ინტეგრირების კუთხით, მაგრამ კვლევები, ადასტურებენ რომ ამ მიმართულებით კიდევ ბევრი რამ არის აღმოსაჩენი და ბევრი შესაძლებლობაა გამოუყენებელი.
განათლების ექსპერტი, პროფესორი პაპერტი, რომელიც პიაჟესთან ერთად იკვლევდა, თუ როგორ ითვისებენ ცოდნას ბავშვები, წერდა: ,,თუ ფრანგულის სწავლა გინდა, საფრანგეთში უნდა გაემგზავრო. ყველაზე კარგად ფრანგულს იქ ისწავლი. მაგრამ სად წახვალ , თუ მათემატიკის კარგად სწავლა გადაწყვიტეთ? ჩვენ უნდა აღმოვაჩინოთ მათემატიკის ქვეყანა...“ პაპერტი იმას გულისხმობდა, რომ მულტიმედიისა და ჰიპერმედიის საშუალებით რეალურ ცხოვრებასთან მიახლოებული მიკროსამყაროს შექმნაა შესაძლებელი, სადაც ბავშვები სიმულაციის თუ ანიმაციური გრაფიკის დახმარებით მათემატიკის ქვეყანაში მოხვდებიან და საგანს გაცილებით კარგად დაეუფლებიან.
ტექნოლოგიების გამოყენებით მასწავლებლები მოსწავლეებს, შესაძლებლობას აძლევენ მოიპოვონ მაღალი ხარისხის ინფორმაცია. ისინი შეძლებენ რთული და კომპლექსური ცნებები ადვილი გასაგები გახადონ, გაზარდონ მათი სწავლის მოტივაცია და ინტერესი, ერთიდაიგივე ინფორმაცია სხვადასხვაგვარად წარმოაჩინონ და მიაწოდონ მოსწავლეებს მათი ინტერესების გათვალისწინებით.
ისტ–ის სწავლების ძირითადი მიზანია ინფორმირებული, ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანად გამოყენების უნარის მქონე, ეთიკური და კანონმორჩილი პიროვნების აღზრდა რომელიც შეძლებს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვებას, მართვას, მის დამუშავებას, შეფასებას, ანალიზს და მასზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების დამოულიდებლად მიღებას – იმ მიზნით, რომ გააცნობიეროს თავის პასუხისმგებლობა ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ, თავად შექმნან ღირებულებები და თავიანთი წვლილი შეიტანონ საზოგადოებაში.
ამრიგად, სახელმწიფოსათვის და საზოგადოებისათვის გადამწყვეტი მიშვნელობა აქვს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემამ არა მხოლოდ ტექნიკური უნარ–ჩვევები შეძინოს მოსწავლეებს, არამედ შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოსაყალიბებლად.